სტატია შეეხება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს სასამართლო პროცესისას. განხილული იქნება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზანი, მისი საფუძვლები და მოქმედების პირობები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით.
სტატია ყურადღებას ამახვილებს იმ შემთხვევებზე, როდესაც მტკიცებულებები შესაძლოა გახდეს მიუწვდომელი ან მოწმეთა ავადმყოფობის, ნივთიერი მტკიცებულების მალფუჭებადობის და სხვა მიზეზების გამო იყოს დაკარგვის საფრთხის ქვეშ. განხილული იქნება, თუ როგორ და როდის ხდება მტკიცებულებათა უზრუნველყოფა საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, როგორ შეიძლება შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ასევე, სტატიაში გაანალიზებულია სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც აჩვენებს, როგორ იცავს მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მხარეთა ინტერესებს, ხელს უწყობს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და ამაღლებს სასამართლოს ეფექტურობას.
მართლმასჯულების სისტემა ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს სამართლებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სასამართლო საზოგადოებაში ზრდის მის მიმართ ნდობას.
იმისათვის, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს აუცილებელია მხარეთა მიერ წარდგენილ იქნას შესაბამისი მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია განიხილოს და უშუალოდ გამოიკვლიოს ნებისმიერი მტკიცებულება, ვინაიდან, მათ აქვთ შინაარსი, სასარჩელო ფაქტების შესახებ ინფორმაცია. ზოგჯერ მტკიცებულებათა გამოკვლევას ართულებს საშიშროება იმისა, რომ იგი მოკლე ვადაში ხელმისაწვდომი აღარ გახდება, არც მხარეთათვის და არც სასამართლოსთვის. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას და აწესებს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის საფუძვლებს. საფუძველი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს: მოწმის ავადმყოფობა, ნივთიერ მტკიცებულებათა მალფუჭებადობა და სხვა.
მტკიცებულებათა უზრუნველყოფა – ესაა საპროცესო მოქმედება, რომელსაც ასრულებს სასამართლო ან ერთპიროვნულად მოსამართლე იმ მიზნით, რათა კანონით დადგენილი წესით დაამაგროს მტკიცებულებები სამოქალაქო საქმის არსებითად განხილვის დროს მათი გამოყენებისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლი აწესებს შემდეგს: იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ როდის შეიძლება მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე შუამდგომლობის დაყენება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდეც და საქმის აღძვრის შემდეგ. თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა წარმოებს სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, მაშინ ასეთი უზურუნველყოფა შესაძლოა განხორციელდეს საქმის მომზადების სტადიაზე. შესაძლოა, მხარემ მთავარ სხდომაზეც დააყენოს მტკიცებულებების უზრუნველყოფის შუამდგომლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მან დაასაბუთოს, რომ მომზადების სტადიაზე მას არ ჰქონდა საშუალება უზრუნველყოფის საკითხი დაეყენებინა, სხვაგვარად რომ ითქვას, არსებობდა საპატიო მიზეზი (სსსკ-ის 215-ე მუხლის საფუძველზე). თუ მტკიცეულებების უზრუნველყოფა ხდება სარჩელის შეტანამდე, მაშინ მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით (მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა.შ.).
საინტერესოა აღინიშნოს შესაძლებელია თუ არა მტკიცებულებათა უზრუნველყოფა საქმის დასრულების შემდეგ. სასამართლოს განჩინება საქმეზე-¹ას-258-516-08 10 აპრილი, 2008 წ. ხაზს უსვამს მის სამოტივაციო ნაწილში, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია, როგორც საქმის განხილვის დროს, ისე საქმის აღძვრამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის წარმოება დამთავრებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კარგავს აზრს, ვინაიდან თავისთავად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზანი საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის უზრუნველყოფაა. შესაბამისად იგი უნდა განხორციელდეს საქმის წარმოების დამთავრებამდე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, როცა დავა არსებითად გადაწყვეტილია, მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შუამდგომლობა დააკმაყოფილოს სასამართლომ. პირველ რიგში, ამ მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, ის, რაც ასაბუთებს მხარის მოთხოვნას ან შესაგებელს. ამასთან, მეორე აუცულებელ წინაპირობას წარმოადგენს რეალური საშიშროება, იმისა, რომ ამ მტკიცებულების მოგვიანებით წარდგენა ან გამოყენება რთული ან შეუძლებელი გახდება. თუ მსგავსი საშიშროება არ იარსებეს, სასამართლო უარს იტყვის მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე.
მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დაკმაყოფილების შემდეგ სასამართლო შეატყობინებს მხარეებს, თუმცა, თუ მხარე არ გამოცხადდება, ეს ვერ გახდება უზრუნველყოფის დამაბრკოლებელი გარემოება, მეტიც, თუ გადაუდებელი შემთხვევაა სახეზე, შესაძლოა სასამართლომ სულაც არ შეატყობინოს მხარეებს (სსსკ-ის 115-ე მუხლი).
იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილდება მხარეს, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ შუამდგომლობის დაყენების პერიოდი. კერძოდ, თუ შუამდგომლობაზე უარი მხარეს სარჩელის აღძვრამდე ეთქვა, მაშინ მხარეს საჩივარი შეაქვს განჩინების გამომტან სასამართლოში და სასამართლო საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოში გზავნის. მაგრამ. თუ შუამდგომლობა არსებით სხდომაზე იქნა დაყენებული მხარის მიერ საპატიო მიზეზის მოტივით და სასამართლო უარს იტყის, მაშინ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უნდა იქნეს განხილული გადაწყვეტილებასთან ერთად.