დღევანდელ მსოფლიოში არსებულმა გლობალიზაციის პროცესებმა თუ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ გავლენა მოახდინა კერძოსამართლებრივი ურთიერთბების მოწესრიგებაზე. მაშინ, როდესაც სულ უფრო და უფრო იზრდება სხვადასხვა ეროვნების მქონე პირებს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები, აქტუალური ხდება მათ შორის დავის გადაწყვეტის საკითხი. დავათა სიმრავლისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოების მიერ დავის განხილვა უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს, რომელთა შორისაცაა არბიტრაჟი და მედიაცია. თითეული მათგანი მიზნად ისახავს სასამართლოების განტვირთვას და დავის გადაწყვეტას მხარეთა ავტონომიის საფუძველზე.
წინამდებარე სტატიის ფარგლებში განხილული იქნება არბიტრაჟი, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება და მისი როლი კომერციულ დავებში.
არბიტრაჟის არსი და პრინციპები
არბიტრაჟი არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის დროსაც მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის არსებულ დავას გადაწყვეტს არბიტრი – ნეიტრალური და დამოუკიდებელი პირი. იგი დაფუძნებულია მხარეთა ავტონომიის პრინციპზე. თავად მხარეები ირჩევენ, თუ ვინ შეიძლება განიხილოს მათი დავა ან რამდენი არბიტრის შემადგენლობამ – ერთმა თუ რამდენიმემ. მხარეების პრეროგატივაა აგრეთვე ისიც, თავად განსაზღვრონ ის მოთხოვნები, რასაც წაუყენებენ არბიტრის კანდიდატურას არჩევისათვის. იმისათვის, რომ დავა განხილულ იქნეს არბიტრაჟის მიერ, აუცილებელია, მხარეთა წერილობითი შეთანხმება ამის თაობაზე. მხარეებმა შეთანხმებაში ასევე უნდა გაითვალისწინონ, ხელშეკრულებიდან წარმოშობილ რა სახის დავაზე შეიძლება არბიტრაჟისადმი მიმართვა.
არბიტრაჟის უპირატესობები კომერციულ დავებში
აღნიშნული ინსტიტუტი დიდი პოპულარობით სარგებლობს კომერციული დავების გადაწყვეტაში, რამდენადაც დავის განმხილველი არბიტრი არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პირი. არბიტრაჟის პროცესი არის მოქნილი, განსხვავებით სასამართლო პროცესისაგან, რამდენადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, უარი თქვან საარბიტრაჟო დაწესებულების ინსტიტუციურ წესებით საქმის განხილვაზე და თავად წარმართონ პროცესი (ad hoc).
განსხვავებით სასამართლო პროცესებისაგან, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს და გადადებულ იქნეს რამდენჯერმე, არბიტრაჟი მონაწილე მხარეებს სთავაზობს გამარტივებულ პროცესს, რომელიც მხარეთა საჭიროებებზეა მორგებული. მხარეები უფლებამოსილნი არიან, აირჩიონ არბიტრი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა განსახილველ საკითხთან მიმართებით, რაც უზრუნველყოფს ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. არბიტრაჟის მოქნილობა მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, თავად აირჩიონ ლოკაცია, სადაც მოხდება დავის განხილვა, პროცესის ენა და სხვა პროცედურული წესები. აღნიშნული კი ხელს უწყობს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობისა და კეთილგანწყობის შენარჩუნებას საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში.
არბიტრაჟი მიმზიდველია მისი კონფიდენციალურობის დაცვის მხრივაც. შესაძლოა, საქმე შეეხებოდეს სავაჭრო საიდუმლოებებს, კონკურენტულ პრაქტიკებს, რის გამოც დღის წესრიგში დღება ინფორმაციის გასაიდუმლოება. არბიტრაჟის სხდომები დახურულია და მინიმუმამდე დადის გასაჯაროვებისა და რეპუტაციის დაზიანების რისკები.
არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სავალდებულოდ შესასრულებელი, მას არ აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, რაც აძლიერებს მის როლს კომერციულ დავებში. უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო კონვენციების თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ფართოდ არის აღიარებული და აღსრულებადი 160-ზე მეტ ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს მხარეების უფლებების აღსრულების საიმედო მექანიზმს საზღვრებს მიღმაც. არბიტრაჟის გადაწყვეტილების გლობალური აღსრულება ანიჭებს მას სანდოობას და ხელს უყწობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე საზღვარგარეთ დავების გადაწყვეტის პროგნოზირებადობასა და განჭვრეტადობას.
ამდენად, არბიტრაჟი სასიცოცხლო როლს ასრულებს კომერციული დავების გადაწყვეტაში იმით, რომ იგი მხარეებს სთავაზობს სწრაფ, მოქნილ და კონფიდენციალურ საშუალებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად. რამდენადაც გლობალური ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას, არბიტრაჟი უდავოდ რჩება კომერციული დავების გადაწყვეტის ქვაკუთხედად, რადგან იგი წარმოადგენს სანდო მექნიზმს კონფლიქტების მოგვარებისა და კომერციული უსაფრთხოების სტაბილურობის ხელშეწყობისათვის.
არბიტრაჟის საქმისწარმოების დაწყებისა, თუ საარბიტრაჟო ინსტიტუტში თქვენი უფლებების დაცვისათვის, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს გუნდს, რომელიც გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.