Civil Law
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი: სამართლებრივი მექანიზმი ეფექტური მართლმსაჯულებისთვის

სტატია შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად. განხილული იქნება სარჩელის უზრუნველყოფის არსი, მისი როლი მართლმსაჯულების ეფექტურობისთვის და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

სტატია მიმოიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის ნორმებს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პროცესს, მათ შორის, კრიტიკასა და სასარგებლო შედეგებს. ასევე, განხილული იქნება სარჩელის უზრუნველყოფის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადება, და მათი გავლენა მხარეთა უფლებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ სამართლებრივ კრიტერიუმებს, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას განსაზღვრავს და მის როლს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესების დაცვაში.

მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში ჰპოვებს გამოხატულებას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უზრუნველყოფს მოქალაქის დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლებების დაცვას, აუცილებელია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს. აღსრულების მექანიზმი წარმოადგენს მართლმსაჯულების ქვაკუთხედს, თუ სასამართლოს აღსრულების მექანიზმს ჩამოვაშორებთ, ფაქტობრივად, იგი უფუნქციო დარჩება.

იმისათვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებას მიეცეს, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული მექანიზმების შემუშავება, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფით, შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ გადაწყვეტილების არააღსრულებაუნარიანობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ, რომ ნებისმიერი საფუძვლით შეუძლებელია სარჩელის უზრუნველყოფა დააკმაყოფილოს სასამართლომ. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე (№ბს-648(უს-22) 20 ივლისი, 2022) წელი განჩინებით, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე, უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.  ყველა არსებითი პირობა კუმულაციური ხასიათისაა და წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალების დაკმაყოფილების პირობას. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, თუ როდის შეიძლება სარჩელის უზრუნველყოფაზე განცხადების შეტანა. ამ უკანასკნელს ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლი. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. იმ შეთხვევაში, თუ განცხადება სარჩელის შეტანამდე იქნება გაკეთებული, მაშინ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე არსებობს, რომელსაც სსსკ-ის 198-ე მუხლი ითვალისწინებს. მათგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ღონისძიებას წარმოადგენს ქონებაზე ყადაღის დადება, ქონების გასხვისების აკრძალვა.  ხშირად, სწორედ მოპასუხისთვის ქონების დაყადაღება წარმოქმნის კრიტიკას, ვინაიდან იზღუდება ადრესატის საკუთრების უფლება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებთ საინტერესო განმარტებას გვთავაზობს საქართველოს უზენაესი სასამამართლო ადამიანის საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და ამბობს, რომ  სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. ყადაღის დაწესება არის კანონმდებლის ჩარევა ადამიანის ძირითდი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევის (შეზღუდვის) გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლების კერძო ინტერესების ურთიერთშეჯიბრების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც გაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს. შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზრუდვისას ამგვარი მიზნის მითითება ლეგიტიმიურია’’. შესაბამისად, შესაძლებელია იზღუდებოდეს პირის საკუთრების უფლება სარჩელის უზრუნველყოფით, თუმცა, სასწორის პინაზე დგას როგორც მართლმსაჯულებისადმი აღსრულების მექანიზმის შენარჩუნება, ასევე,  მხარის დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობა. 

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com