სამოქალაქო სამართალი იცნობს ქონების ცნებას, რომელიც არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა, განკარგვა და შეძენა შესაძლებელია შეუზღუდავად, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. თავის მხრივ, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი საგანი.
უძრავი ნივთი სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არის მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით და აღმოცენებული მცენარეებით, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. საჯარო რეესტრის შესახებ კანონი კი უძრავ ნივთს განმარტავს, როგორც მიწის ნაკვეთს მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ან მის გარეშე.
იმისათვის, რომ უძრავი ქონება მიჩნეულ იქნეს სამოქალაქო სამართლის ობიექტად, რაც გულისხმობს მესაკუთრის უფლებამოსილებას, თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს მას, აუცილებელია მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
უძრავი ქონების გადაცემის პროცედურა
უძრავი ნივთის გადაცემა შესაძლოა, სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდეს, იქნება ეს ჩუქება, ნასყიდობა თუ ა.შ. თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით. მხარეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და განცხადება, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად ადგილზევე შეავსებინებს. თუ რომელიმე მხარე დაინტერესებული პირის წარმომადგენელია, აუცილებელია აგრეთვე სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენა და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
მომსახურების ვადები და ტარიფები
განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სხვადასხვა ვადაში და, შესაბამისად, განსხვავდება მომსახურების ტარიფის ოდენობაც. მომსახურების ვადა შეიძლება შეადგენდეს 4 სამუშაო დღეს, რა დროსაც მომსახურების ტარიფის ღირებულება, ჩვეულებრივ, 150 ლარია, 1 სამუშაო დღეში გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილია 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს მომსახურების მისაღებად – 350 ლარი.
აქვე, ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
უძრავი ქონების დაბეგვრა
უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებასა თუ მისით სარგებლობას თან სდევს შესაბამისი გადასახადები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბეგვრა ხორციელდება ეროვნულ, ფედედარულ და მუნიციპალურ დონეებზე. ეროვნული გადასახადები მოიცავს კორპორატიულ გადასახადებს, საშემოსავლოს და დღგ-ს.
უძრავი ქონებასთან დაკავშირებით დაბევგვრის ერთიანი რეჟიმი მოქმედებს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ამასთან, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, დაბეგვრის პროცენტი ყველა შემთხვევაში ერთნაირია და არ არის დამოკიდებული შემოსავლის ოდენობაზე.
უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დაბეგვრის მეთოდი, კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5%-ით იბეგრება. 5%-ით იბეგრება აგრეთვე საცხოვრებელი მიზნით საცხოვრებელი ფართის გაქირავება, თუ ფიზიკური პირი ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს. ასევე, თუ ფიზიკური პირი ყიდის მიწის ნაკვეთს, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მისი მოგების 20% დაიბეგრება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დაბეგვრისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც ყიდის ქონებას, მას ფლობს 2 წელზე მეტი ვადით.
შესყიდვებთან დაკავშირებით, ზოგადად, საქართველოში 6 სახის გადასახადია დადგენილი – კორპორატიული მოგების გადასახადი, აქციზის გადასახადი, იმპორტის გადასახადი, პირადი საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი.
სტატიის მიზნებისთვის, უძრავი ქონების გადასახადი, მათ შორის საცხოვრებელი ფართის, მათი ფლობისთვის მერყეობს 0.2-1%-ის ფარგლებში.
უძრავი ქონებისა და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს გუნდს, რომელიც გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.