საქართველოს ოპტიმალური საგადასახადო პირობები და კრიპტო-მეგობრული რეპუტაცია ბევრ მაინერს იზიდავს, თუმცა მაინინგის რეალური საგადასახადო რეჟიმი გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კანონმდებლობა მკაფიოდ განასხვავებს ორ ოპერაციას: კრიპტოაქტივის მოპოვებას და მისი შემდგომი გაყიდვის ან გაცვლის ოპერაციას.
მაინინგი vs. კრიპტოს გაცვლა – რატომ აქვს მნიშვნელობა განსხვავებას
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 28 ივნისის №201 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, კრიპტოაქტივის მიწოდება ან გაცვლა ვალუტაზე უთანაბრდება ფულის გადაცემას – შესაბამისად, არ განეკუთვნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო ფიზიკური პირისთვის ასეთი ოპერაციით მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არ ითვლება საქართველოში წარმოშობილ შემოსავლად და საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.
მაინინგი კი სხვაგვარადაა მოწესრიგებული: გადაწყვეტილება ცალკე განმარტავს კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდებას – პრაქტიკაში, როცა მაინინგის ოპერატორი მომხმარებელს, მაგალითად, cloud mining-ის ან კონტრაქტული მაინინგის ფარგლებში, ანაზღაურების სანაცვლოდ უზრუნველყოფს გამოთვლითი სიმძლავრით. აღნიშნული საქმიანობა განიხილება ელექტრონულად გაწეულ მომსახურებად და არა სავალუტო ოპერაციად, რაც ცალკე საგადასახადო შედეგებს წარმოშობს.
ინდივიდუალური მაინერები
როცა ფიზიკური პირი კონკრეტულ კლიენტს ანაზღაურების სანაცვლოდ გამოთვლითი სიმძლავრით უზრუნველყოფს, მიღებული ანაზღაურება წარმოადგენს საქართველოში წარმოშობილ ჩვეულებრივ მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ შემოსავალს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადის სტანდარტული, 20%-იანი განაკვეთით.
ნაკლებად ცალსახაა სიტუაცია, როცა მაინერი საკუთარი დანადგარებით მოიპოვებს კრიპტოაქტივს და მხოლოდ შემდეგ ყიდის მას.
პრაქტიკაში ასეთი შემოსავალი, როგორც წესი, განიხილება საქართველოში წარმოშობილად და იბეგრება 20%-იანი განაკვეთით, ვინაიდან ღირებულების შემქმნელი საქმიანობა – ელექტროენერგია და დანადგარია – საქართველოშია განთავსებული, მიუხედავად იმისა, რომ მონეტის შემდგომი გაყიდვა უკვე გათავისუფლებული ოპერაცია იქნება. მაინერებმა არ უნდა ივარაუდონ, რომ ამ შესაძლო ოპერაციის დაბეგვრისაგან გათავისუფლება ავტომატურად ვრცელდება გენერირებულ მოგებაზე – კლასიფიკაცია რეალურ საგადასახადო რისკს შეიცავს და დეკლარირებამდე დოკუმენტირებულ ასახვას საჭიროებს.
მაინინგის კომპანიები
საკუთარი ოპერაციებით მაინინგის განმახორციელებელი ქართული კომპანია იბეგრება ესტონური მოდელით: 15% + 5%.
დღგ: გადამწყვეტია კლიენტის ადგილმდებარეობა
როცა მაინინგის ოპერატორი გამოთვლით სიმძლავრეს მომსახურების სახით აწვდის, დღგ-ით დაბეგვრა დამოკიდებულია მიმღების ადგილმდებარეობაზე. თუ მიმღები საქართველოს ფარგლებს გარეთ არის რეგისტრირებული ან საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელსაც მომსახურება უკავშირდება, მიწოდება ითვლება საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულად და დღგ-ს არ ექვემდებარება.
ანგარიშგების ვადები
ფიზიკურმა პირებმა მაინინგთან დაკავშირებული შემოსავალი წლიურად უნდა დაადეკლარირონ და გადაიხადონ არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილისა, შემოსავლების სამსახურის მეშვეობით. კომპანიებმა განაწილებულ მოგებაზე 15%-იანი გადასახადი უნდა გადაიხადონ განაწილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
პრაქტიკული რისკი
ყველაზე სავარაუდო სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურთან სწორედ ინდივიდუალური მაინერის საქმიანობის დაბეგვრაა, რადგან ამ საკითხზე პირდაპირი საჯარო გადაწყვეტილება არ არსებობს. მაინინგის ოპერაციის დაწყებამდე, ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ დონეზე, ღირს პოზიციის ადრეულად გამყარება, მათ შორის, წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მოთხოვნის გზით, სანამ არასწორი კლასიფიკაცია მასშტაბთან ერთად უფრო ძვირად არ დაგიჯდებათ.
გეგმავთ კრიპტო მაინინგს საქართველოში?
NOMOS GEORGIA-ს საგადასახადო სფეროში უზრუნველყოფს კონსულტაციას ინდივიდუალური მაინერებისა და კომპანიებისთვის, საუკეთესო საგადასახდო პირობების შექმნის მიზნებისათვის.


