კომპანიის წესდება ხშირად აღიქმება როგორც ფორმალური, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპზე „აუცილებლად გასაკეთებელი“ ნაბიჯია. თუმცა, რეალურად სწორედ წესდება განსაზღვრავს კომპანიის შიდა ძალაუფლების ბალანსს, პარტნიორთა უფლებებსა და ვალდებულებებს, მმართველობის სტრუქტურას და იმ წესებს, რომელთა მიხედვითაც კომპანია კრიზისულ და კონფლიქტურ სიტუაციებში იმართება.
სწორად და გააზრებულად შედგენილი წესდება არ არის მხოლოდ იურიდიული ფორმალობა, ის არის კომპანიის „კორპორაციული კონსტიტუცია“, რომელიც წინასწარ ამცირებს დავების რისკს და ქმნის სტაბილურობის საფუძველს გრძელვადიანი ბიზნესისთვის.
აუდიტის კომიტეტი – ინფორმაციული ასიმეტრიის შემცირების ინსტრუმენტი
მენეჯმენტსა და პარტნიორებს შორის ინფორმაციული ასიმეტრია კორპორაციული ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია. დირექტორს ყოველდღიური ოპერაციების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ინვესტორს ან პარტნიორს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კორპორაციულ მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შიდა კონტროლის მექანიზმებს.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი აუდიტის კომიტეტია. პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც შიდა კონტროლის სისტემა ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად დამოკიდებულია იმავე მენეჯმენტზე, რომლის კონტროლიც უნდა განახორციელოს. ასეთ პირობებში აუდიტის ფუნქცია მნიშვნელოვნად კარგავს დამოუკიდებლობას.
წესდებაში მკაფიოდ შეიძლება გაიწეროს:
- აუდიტის კომიტეტის დამოუკიდებლობის სტანდარტი;
- მისი წევრების დაკომპლექტების წესი;
- კომპანიის დოკუმენტაციაზე პირდაპირი წვდომის უფლება;
- დირექტორის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
- ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებში რეაგირების მექანიზმები.
შიდა აუდიტი ხშირად მოიხსენიება, როგორც კორპორაციის „მესამე თავდაცვის ხაზი“. წესდებაში აღნიშნული დანაწესის გაწერა ამცირებს „აგენტურ ხარჯებს“, რადგან მენეჯერი აცნობიერებს, რომ მისი ქმედებები მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. შიდა კონტროლი არის კომპანიის იმუნური სისტემა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც კორპორაციას არ ჰყავს საზედამხედველო ორგანო სამეთვალყურეო საბჭოს სახით, ინტერესთა ბალანსი ამ კუთხით განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული და შიდა აუდიტის, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კომიტეტის დაკომპლექტების, უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის საკითხი დეტალურად უნდა გაიწეროს, იმ დროს, როდესაც კანონმდებელი ამის დისკრეციას გვაძლევს.
მენეჯმენტის შეფასება – ფორმალობა თუ პასუხისმგებლობის რეალური სისტემა
კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილში დირექტორის შეფასება ან საერთოდ არ ხდება, ან მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ დროს მენეჯმენტის ეფექტიანობის შეფასება კორპორაციული მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
წესდებაში შესაძლებელია გაიწეროს დირექტორის საქმიანობის პერიოდული შეფასების ვალდებულება, რომელიც დაფუძნებული იქნება:
- ფინანსურ შედეგებზე;
- სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე;
- რისკების მართვის ხარისხზე;
- კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანონმდებლობის დაცვაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეფასების შედეგებს რეალური ეფექტი ჰქონდეს – გავლენას ახდენდეს დირექტორის უფლებამოსილების გაგრძელებაზე, კომპენსაციასა და ბონუსურ სისტემაზე.
მცირე და საშუალო კორპორაციებში ბევრი სხვადასხვა კომიტეტის შექმნა ხშირად იწვევს ფუნქციების დუბლირებას და ფორმალიზმს. თუ აუდიტის კომიტეტი ისედაც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებსა და რისკებს, ის ყველაზე უკეთ ხედავს, რამდენად კარგად მუშაობს მენეჯმენტი. შესაბამისად, მას აქვს ყველაზე ობიექტური მონაცემები კომპენსაციისა და ნომინაციის (დანიშვნა/გათავისუფლება) საკითხების გადასაწყვეტად.
დირექტორის ფიდუციური ვალდებულებები და სამეწარმეო განსჯის წესი
კორპორაციული მართვის თანამედროვე სტანდარტები ეფუძნება იდეას, რომ დირექტორს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, თუმცა ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს თვითნებობაში.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია წესდებაში დირექტორის ზრუნვისა და ერთგულების ვალდებულებების დეტალურად განსაზღვრა. დირექტორი უნდა მოქმედებდეს:
- კეთილსინდისიერად;
- საზოგადოების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად;
- ინტერესთა კონფლიქტის გარეშე;
- საკმარისი ინფორმაციის საფუძველზე.
Business Judgement Rule აშშ-ის პრეცედენტული სამართლის მიერ შექმნილი ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს საკორპორაციო სამართალშია ინკორპორირებული. იგი უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი მენეჯერის დაცვას დაუსაბუთებელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, დირექტორი არ აგებს პასუხს მიღებული ბიზნეს-გადაწყვეტილების შედეგებზე, თუ იგი მოქმედებდა ინტერესთა კონფლიქტის გარეშე, გონივრული ინფორმაციის საფუძველზე და იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება ემსახურებოდა საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს.
სამეწარმეო განსჯის წესი არის „პრეზუმფცია, რომლის მიხედვითაც დირექტორები იყვნენ ინფორმირებულნი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების დროს, მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაყრდნობით და გონივრულად სწამდათ, რომ მათი ეს მოქმედება კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა“. მიჩნეულია, რომ აღნიშნული წესი არის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის მტკიცე გარანტი. თუ მხარე გაასაჩივრებს დირექტორების მოქმედებას, გულმოდგინების მოვალეობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მას სასამართლოში სამეწარმეო განსჯის წესის გადალახვა მოუწევს, რომელიც დირექტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფორმალურ მხარეს იცავს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაკავშირებულ პირებთან გარიგებებს ე.წ. self-dealing transactions-ს. წესდებაში შეიძლება პირდაპირ განისაზღვროს, რომ დირექტორს პარტნიორთა წინასწარი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება დადოს გარიგება საკუთარ თავთან ან მასთან დაკავშირებულ პირებთან.
კვალიფიციური უმრავლესობა – მინორიტარების დაცვის მექანიზმი
სტრატეგიული გადაწყვეტილებები – როგორიცაა კომპანიის რეორგანიზაცია, ძირითადი აქტივების გასხვისება ან წესდების ცვლილება – პირდაპირ გავლენას ახდენს პარტნიორთა ინტერესებზე.
ამიტომ, ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმია კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის და საჭიროა, მაგალითად, 80% ან 85%-იანი მხარდაჭერა.
ეს მიდგომა ამცირებს უმრავლესობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს და იცავს მინორიტარ პარტნიორებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანისგან.
ჩიხური სიტუაციები და პარტნიორთა კონფლიქტი
კორპორაციებში კონფლიქტი გამონაკლისი არ არის, ის გარდაუვალია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიას არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო და ძალაუფლების ბალანსი სუსტია. რეკომენდირებულია წესდებაში გაიწეროს პარტნიორთა შორის კონფლიქტის გადაჭრის მექანიზმი (მაგ. მედიაცია ან წილის სავალდებულო გამოსყიდვის წესი) და დირექტორის ვალდებულება – წარადგინოს საქმიანობის დეტალური ანგარიში ყოველ კვარტალში.
სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობა ნიშნავს, რომ დირექტორი საკმაოდ ძლიერია და მისი საქმიანობის კონტროლი შესაბამისად არ ხორციელდება, ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს „სამაშველო რგოლს“, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს (და არა მარტო) უწევს სუპერვიზირებას. ამ ვითარებაში, პარტნიორთა დაპირისპირებამ შეიძლება კომპანია პარალიზებამდე მიიყვანოს.
წინასწარ გაწერილი „გასვლის“ სტრატეგიები და მკაცრი ანგარიშგება აბალანსებს ძალაუფლებას და ზრდის კომპანიის მდგრადობას კრიზისულ სიტუაციებში. როდესაც პარტნიორმა იცის, რომ არსებობს „სავალდებულო გამოსყიდვის“ მექანიზმი, ის ნაკლებად მიდრეკილია დესტრუქციული ქცევისკენ. კორპორაციაში წილის გაყიდვა რთულია. სავალდებულო გამოსყიდვის წესი პარტნიორს აძლევს გარანტიას, რომ მისი ინვესტიცია სამუდამოდ „ჩაკეტილი“ არ დარჩება.
ეზენაესი სასამართლოს პრაქტიკა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ სამეწარმეო დავების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ დავების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არა ბიზნესის წარუმატებლობას, არამედ პარტნიორთა შორის ძალაუფლების, კონტროლისა და ფინანსური ინტერესების კონფლიქტს უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მსგავსი დავების დიდი ნაწილი სათავეს ჯერ კიდევ კომპანიის შექმნის ეტაპზე დაშვებული შეცდომებიდან იღებს.
ბიზნესის დაფუძნებისას პარტნიორები ხშირად ურთიერთნდობაზე, პირად მეგობრობაზე ან არაფორმალურ შეთანხმებებზე არიან დამოკიდებულნი. სწორედ ამ მიზეზით, წესდება, ხშირ შემთხვევაში, აღიქმება მხოლოდ ტექნიკურ დოკუმენტად, რომელიც რეგისტრაციისთვის არის საჭირო. პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტიდან აღებული „სტანდარტული წესდებები“, რომლებიც კონკრეტული ბიზნესის სტრუქტურას, რისკებსა და პარტნიორთა რეალურ ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს.
პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელმაც ძველი, ზედმეტად ფორმალური მიდგომები, შეცვალა და პარტნიორებს მნიშვნელოვნად ფართო სახელშეკრულებო თავისუფლება მიანიჭა. კანონმა პარტნიორებს რეალურად გადასცა შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ კომპანიის მართვის არქიტექტურა, კონტროლის მექანიზმები, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების წესები და კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტის გზები.
თუმცა, პრაქტიკაში ბევრმა კომპანიამ ახალ კანონთან შესაბამისობა მხოლოდ ფორმალურად უზრუნველყო – წესდებები გადაიწერა ისე, რომ რეალური კორპორაციული რისკების შეფასება და პრევენციული მექანიზმების შექმნა არ მომხდარა. შედეგად, კომპანიების დიდი ნაწილი კვლავ მოქმედებს ისეთი შიდა წესებით, რომელიც ვერ პასუხობს თანამედროვე კორპორაციული მართვის გამოწვევებს.
უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ თუ პარტნიორებმა წესდებით წინასწარ არ განსაზღვრეს კონკრეტული კონფლიქტების მოგვარების წესი, სასამართლო ვერ ჩაანაცვლებს მათ ნებას და ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონის ზოგადი ნორმებით. სწორედ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა – ზოგადი ნორმები ვერ ითვალისწინებს თითოეული ბიზნესის სპეციფიკას, პარტნიორთა ეკონომიკურ ინტერესებსა და კომპანიის შიდა ძალაუფლების რეალურ ბალანსს.
შედეგად, ის, რაც ბიზნესის შექმნის ეტაპზე „უბრალო ფორმალობად“ მიიჩნეოდა, მომავალში შესაძლოა გადაიქცეს მრავალწლიან სასამართლო დავად, კომპანიის პარალიზებად ან აქტივების გაუფასურების მიზეზად. სწორედ ამიტომ, თანამედროვე პირობებში წესდება აღარ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ რეგისტრაციისთვის აუცილებელ დოკუმენტად – ის წარმოადგენს კომპანიის „კორპორაციულ კონსტიტუციას“, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის სტაბილურობას, პარტნიორთა ურთიერთობასა და კრიზისების მართვის უნარს.
დასკვნა
კომპანიის წესდება არ უნდა იყოს მხოლოდ სტანდარტული ფორმულარების ერთობლიობა. კარგად ჩამოყალიბებული წესდება ქმნის არა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოს, არამედ ნდობის სისტემას პარტნიორებს, ინვესტორებსა და მენეჯმენტს შორის.
კორპორაციული მართვის ეფექტიანი მექანიზმები – დამოუკიდებელი აუდიტი, მენეჯმენტის შეფასება, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება და მინორიტარების დაცვა – მხოლოდ თეორიული ინსტრუმენტები არ არის. ისინი პრაქტიკაში განსაზღვრავენ, რამდენად მდგრადი, გამჭვირვალე და სიცოცხლისუნარიანი იქნება კორპორაცია გრძელვადიან პერსპექტივაში.


