საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე – „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ – როგორ იცავს სასამართლო მოქალაქეების უფლებებს აქუციონზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილებისა და მისი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების, კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოში სახელისუფლო სტაბილურობის განმტკიცებისათვის.

 

2026 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1901 კონსტიტუციური სარჩელი და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან, ძალადაკარგულად ცნო „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება.

 

რას ითვალისწინებდა სადავო ნორმა?

სადავო ნორმის შესაბამისად, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი მოწესრიგება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით შეფასებული რეგულირების მსგავსად, არ შეიცავდა მოთხოვნას ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას ამ ქონებაზე არსებული გარდამავალი უფლებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, სათანადო გარანტიის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა ქონების შეფასებისას გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებას, წარმოშობდა ქონების სარეალიზაციო ფასის მის რეალურ ღირებულებასთან მნიშვნელოვნად აცდენილი ოდენობით განსაზღვრის შესაძლებლობას, რის გამოც, საწყისი ფასის არაადეკვატურობის გამო, მაღალი იყო ალბათობა, ვერ მომხდარიყო ქონების რეალიზაცია პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე. ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო არც განსახილველ შემთხვევაში იღებდა ქონების აუქციონზე ადეკვატურ ფასად რეალიზაციისთვის საჭირო გონივრულ ზომებს, რამდენადაც არ ქმნიდა პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრის სათანადო, ქონების რეალურ ფასთან მიახლოებული ოდენობის დადგენის პოტენციალის მქონე ნორმატიულ მექანიზმს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტი შეიცავდა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ანალიზი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა განჩინებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი  არ არის მხოლოდ ფორმალური ორგანო, რომელიც კანონებს ავტომატურად თვლის კონსტიტუციასთან შესაბამისად. აუქციონებში ქონების ფასი უნდა იყოს რეალური და სამართლიანი. საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად დაიცვა მოქალაქეების უფლებები და უზრუნველყო, რომ ქონების რეალური ღირებულებით რეალიზაცია გონივრული მექანიზმების შემუშავებით განხორციელდეს. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად,  საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, გადაწყვეტილება, კი, ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების საკუთრების უფლება.

შეჯამება 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ აჩვენებს, რომ სასამართლო არ არის მხოლოდ ფორმალური ორგანო. აქცენტი გაკეთდა მოქალაქეების საკუთრების უფლებების რეალურ დაცვაზე – აუქციონებში ქონების ფასი უნდა შეესაბამებოდეს რეალურ ღირებულებას, საწყისი ფასის დადგენისას უნდა გათვალისწინებულ იქნას ყველა არსებული უფლება. გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებებს ანიშნებს, რომ მოქალაქეთა საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს, რაც მისასალმებელია.

სათაურები

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.