რა უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებმა, ბიზნესებმა და საგდასახადო კონსულტანტებმა განაკვეთის ამოქმედებამდე
2026 წლის 5 ივნისს მიღებულმა №251 დადგენილებამ გარემოება მნიშვნელოვნად შეცვალა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში, 2027 წლის 1 იანვრიდან მკვეთრად იზრდება შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის დაწესებული საფასური.
რა შეიცვალა
№251 დადგენილება გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილებიდან. ამ ახალი დადგენილებით კი 2027 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის შემდეგი წესები:
- სტანდარტული საფასური იზრდება 20 000 ლარამდე და ვრცელდება იურიდიულ პირებზე;
- რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის დაწესდა 10 000 ლარი;
- რეზიდენტობის სტატუსი დგინდება მოთხოვნის წარდგენის წინა კალენდარული (საგადასახადო) წლის მიხედვით;
- მომსახურების ვადა უცვლელი რჩება – 90 კალენდარული დღე;
- ახალი განაკვეთი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, რომლებსაც განაკვეთების ცხრილის 48-ე და 49-ე გრაფები ცალკე არეგულირებს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
წინასწარი გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული ოპერაციის განხორციელებამდე მიიღოს შემოსავლების სამსახურის – ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული – სავალდებულო პოზიცია ტრანზაქციის ან ბიზნესის მოდელის საგადასახადო მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების სტრუქტურირებისას, შერწყმა-შესყიდვების, უძრავი ქონების გარიგებების თუ კორპორაციული რესტრუქტურიზაციისთვის, ეს ინსტრუმენტი დღემდე შედარებით ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენდა რისკების წინასწარი შემცირებისთვის. ახალი საფასური მნიშვნელოვნად ზრდის ამ განსაზღვრულობის ღირებულებას.
შეზღუდული ვადა ამჟამინდელი პირობებით სარგებლობისთვის
№251 დადგენილების მე-2 მუხლი ითვალისწინებს მნიშვნელოვან გარდამავალ დებულებას: გაზრდილი საფასური არ გავრცელდება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნება 2027 წლის 1 იანვრამდე, ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით.
პრაქტიკულად, ეს იმ ბიზნესებს, რომლებიც უკვე გეგმავენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, აძლევს შეზღუდულ, თუმცა რეალურ შესაძლებლობას, მოთხოვნა წარადგინონ ამჟამინდელი, უფრო დაბალი საფასურით.
პრაქტიკული რეკომენდაციები
- კომპანიებმა და ინვესტორებმა, რომელთა გარიგებებსაც შესაძლოა დასჭირდეს საგადასახადო რისკების დაზღვევა, ახლავე უნდა შეაფასონ, რეალურია თუ არა მოთხოვნის მომზადება და წარდგენა 2026 წლის ბოლომდე.
- რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც გეგმავენ აქტივების გასხვისებას ან კორპორაციულ რესტრუქტურიზაციას, 2027 წლიდან ბიუჯეტში წინასწარ უნდა გაითვალისწინონ 10 000-ლარიანი საფასური.
- ვინაიდან წინასწარი გადაწყვეტილების ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია წარდგენილი ფაქტების სისრულესა და სიზუსტეზე, ვადის დასაცავად მოთხოვნის ნაჩქარევად მომზადება საკუთარ რისკებს შეიცავს – ცუდად მომზადებული განაცხადი დაბალი საფასურითაც კი მცირე ღირებულების მატარებელია.
- ცვლილება მიანიშნებს, რომ საქართველოში წინასწარი გადაწყვეტილება თანდათან იქცევა არა რუტინულ, არამედ მაღალი ღირებულების, გააზრებულ სამართლებრივ ინსტრუმენტად.
როგორ დაგეხმარებათ NOMOS GEORGIA
Nomos Georgia-ს საგადასახადო პრაქტიკა რეგულარულად ეხმარება უცხოელ ინვესტორებს ად საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბიზნესებს წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მოთხოვნების მომზადებასა და წარდგენაში. თუ თქვენი გარიგებისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო განსაზღვრულობის უზრუნველყოფა ახალი საფასურის ამოქმედებამდე, დაუკავშირდით ჩვენს საგადასახადო გუნდს ვადებისა და მომზადების სტრატეგიის განსახილველად.


