შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმატება პარტნიორებს შორის ნდობასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. როდესაც ერთი პარტნიორის მოქმედება ან უმოქმედობა ამ ურთიერთობას საფრთხეს უქმნის, საქართველოს კანონმდებლობა კომპანიას გამოსავალს სთავაზობს გარიცხვას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ორ განსხვავებულ მექანიზმს, და არასწორი გზის არჩევამ შესაძლოა კომპანიას თვეების განმავლობაში სასამართლო დავა დაუტოვოს.
ორი გზა, ორი ლოგიკა
მნიშვნელოვანი საფუძვლით გარიცხვა („მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონის 143-ე მუხლი) გამოიყენება მაშინ, როცა პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომპანიის ინტერესებს ან ხელს უშლის მისი მიზნების მიღწევას:
- ვალდებულების უხეში დარღვევა
- ნდობის ბოროტად გამოყენება
- კომპანიის საწინააღმდეგო სისხლისსამართლებრივი ქმედება
- საქმიანობის სისტემატური ხელშეშლა.
ყურადსაღებია, რომ საფუძვლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, ანუ ერთი მათგანიც კმარისია გარიცხვისთვის, თუ პარტნიორი წინასწარ იყო გაფრთხილებული და გაფრთხილებამ ვერ გამოიღო შედეგი.
წილის ჩამორთმევა უფრო ვიწრო, საწესდებო შენატანთან დაკავშირებული ინსტრუმენტია. გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა პარტნიორი არ ასრულებს შენატანის ვალდებულებას.
როგორ მიმდინარეობს სასამართლოს ძალით გარიცხვა
- დანარჩენი პარტნიორები იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ – გარიცხვის საფრთხის ქვეშ მყოფი პარტნიორი ამ კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
- კომპანიამ აქვს 30-დღიანი ვადა, რომელიც გაშვების შემთხვევაში საჭირო იქნება ახალი გადაწყვეტილების მიღება.
- სასამართლო აფასებს, არსებობს თუ არა რეალურად მნიშვნელოვანი საფუძველი.
- გარიცხვა ძალაში შედის მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან – ამ დროისთვის პარტნიორი კარგავს წილს და მასთან დაკავშირებულ ყველა კორპორაციულ უფლებას, თუმცა ინარჩუნებს სამართლიანი კომპენსაციის მიღების უფლებას!
როგორ მიმდინარეობს წილის ჩამორთმევა
ხელმძღვანელი ორგანო წერილობით აცნობებს პარტნიორს წილის ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ და აძლევს სულ მცირე 30 დღიან დამატებით ვადას შენატანის განსახორციელებლად.
მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ შეუძლია კომპანიას გამოსცეს საბოლოო შეტყობინება ჩამორთმევის შესახებ.
ფორმალურად სასამართლო გადაწყვეტილება აქ საჭირო არ არის
თუმცა ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, საჭიროებს თუ არა ეს პროცედურაც სასამართლო ჩარევას, და სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე მსჯელობით მდიდარი ჯერ არ არის.
ჩამორთმეულ პარტნიორს ნაწილობრივ განხორციელებული შენატანი არ უბრუნდება, კომპანიის მოთხოვნა გადაუხდელი ნაწილის მიმართ ძალაში რჩება, ხოლო ვადაგადაცილებაზე ერიცხება წლიური საურავი – ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით, თუ პარტნიორები სხვაგვარად არ შეთანხმებულან.
რას ნიშნავს ეს დამფუძნებლებისა და ინვესტორებისთვის
ორივე მექანიზმი პროცედურულად უფრო მკაცრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, და სწორედ პროცედურაში წყდება საქმეების ბედი – 30-დღიანი ვადის გაშვება შეიძლება საკმაოდ საფუძვლიან სარჩელსაც კი გააბათილებს.
გააზრებულად შედგენილი პარტნიორთა შეთანხმებები და კორპორაციული მართვის დებულებები, რომელშიც შედის:
- ქცევის მკაფიო სტანდარტები
- შენატანების გრაფიკი
- გაფრთხილების მექანიზმი
- და სხვა
ამცირებს ორივე ინსტრუმენტის გამოყენების საჭიროებას და აძლიერებს კომპანიის პოზიციას, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება.
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია თუ არა პარტნიორის გარიცხვა გაფრთხილების გარეშე?
არა – მნიშვნელოვანი საფუძვლით გარიცხვა მოითხოვს წინასწარ გაფრთხილებას.
რა კომპენსაციას იღებს გარიცხული პარტნიორი?
წილის სამართლიან ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ.
შესაძლებელია თუ არა პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ დამატებითი შენატანის გადახდაზე უარის თქმის გამო?
არა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გასვლის უფლება არ გამოუყენებია და შემდეგ შენატანი მაინც არ განახორციელა.
დასკვნა
პარტნიორის გარიცხვა სერიოზული და მაღალი რისკის შემცველი ბერკეტი. ქართული კანონმდებლობა ორივე მხარისთვის რეალურ პროცედურულ გარანტიებს ითვალისწინებს.
კომპანიები და ინვესტორები, რომლებიც პარტნიორებს შორის ურთიერთობის კრიზისს აწყდებიან, ან ცდილობენ მის თავიდან აცილებას გააზრებული სახელშეკრულებო მექანიზმებით, საჭიროებენ გამოცდილ იურიდიულ მხარდაჭერას.
Nomos Georgia კონსულტაციას უწევს ქართულ და საერთაშორისო კლიენტებს კორპორაციული მართვის, პარტნიორთა შორის დავების და კომპანიის დაფუძნების საკითხებში.
დაგვიკავშირდით თქვენი საკითხის განსახილველად.


