საქართველოს შრომის კოდექსი – ძირითადი ცვლილებები და რა უნდა იცოდეს ბიზნესმა

2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება აიღო. ამის ყველაზე თვალსაჩინო შედეგია 2020 წლის 29 სექტემბრის №7177 ორგანული კანონი, რომლითაც შრომის კოდექსი ფაქტობრივად ხელახლა დაიწერა.

დამსაქმებლებისთვის ცვლილებები ახალ ვალდებულებებს ნიშნავს, დასაქმებულებისთვის კი, მეტ გარანტიას. ქვემოთ მიმოვიხილავთ, რა შეიცვალა, როგორ განმარტავს ახალ ნორმებს უზენაესი სასამართლო და რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა.

საქართველოს შრომის კოდექსის ძირითადი ცვლილებები (2013–2025)

შრომის კოდექსი 2010 წლიდან არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ბიზნესისთვის გადამწყვეტია 2020 წლის რეფორმა და მისი შემდგომი დაზუსტებები.

  1. 2025 – №862-IIმს-XIმპ: უცხოელთა შრომითი საქმიანობის უფლება (2026 წლის 1 მარტიდან; გარდამავალი ვადა – 2027 წლის 1 იანვრამდე).
  2. 2024 – №4455: 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა; დაემატა მუხლი 14¹ ბიოლოგიური სქესის აღმნიშვნელ სიტყვებზე.
  3. 2023 – №3542: რეზერვისტების შვებულება და გათავისუფლებისგან დაცვა.
  4. 2022 – №2401 და №2438: სამუშაო დროის სავალდებულო აღრიცხვა; დეკრეტულის ანაზღაურება ბიუჯეტიდან.
  5. 2021 – №899 და №1039: სტარტაპების გამონაკლისი ვადიან ხელშეკრულებებზე.
  6. 2020 – №7177-Iს და №7178-Iს: კოდექსის სისტემური რეფორმა და ინსპექციის სრული მანდატი.
  7. 2019 – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი: უსაფრთხოების ნორმები ეკონომიკის ყველა სექტორში.
  8. 2013 – №729-IIს: ვადიანი ხელშეკრულების საფუძვლები, გაფრთხილება და კომპენსაცია. 

შრომის კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები ბიზნესისთვის

საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ ძირითად უფლებებსა და ვალდებულებებს. ბიზნესმა უნდა დაიცვას მოთხოვნები, რომლებიც ეხება შრომით ხელშეკრულებებს, სამუშაო დროს, დისტანციურ მუშაობას, შვებულებებს, დისკრიმინაციის აკრძალვასა და შრომითი ურთიერთობის კანონიერად შეწყვეტას. ამ ნორმების ცოდნა დამსაქმებლებს ეხმარება სამართლებრივი რისკების შემცირებაში, შიდა პოლიტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და როგორც კომპანიის, ისე დასაქმებულთა უფლებების დაცვაში.

შრომითი ხელშეკრულებები და ვადიანი შრომითი ურთიერთობები

შრომითი ხელშეკრულება – 1 თვეზე მეტი ურთიერთობა წერილობით ფორმდება და მე-14 მუხლის არსებით პირობებს მოიცავს (სამუშაო დრო და ადგილი, ანაზღაურება, ზეგანაკვეთურის ანაზღაურების წესი, შვებულება). 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულება მხოლოდ კანონით ჩამოთვლილი საფუძვლით იდება, ხოლო 30 თვეზე მეტი ან ორჯერ და მეტჯერ განახლებული ვადიანი ურთიერთობა უვადოდ მიიჩნევა (1999/70/EC). გამონაკლისია სტარტაპი რეგისტრაციიდან 48 თვემდე (ვადა არანაკლებ 3 თვე). გამოსაცდელი ვადა და უსასყიდლო სტაჟირება მაქსიმუმ 6 თვეა, ანაზღაურებადი სტაჟირება – 1 წელი; ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა ნაკლებად ხელსაყრელი მოპყრობა აკრძალულია (97/81/EC).

დამსაქმებლებს, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულებების მომზადება ან არსებული სახელშეკრულებო პირობების გადახედვა სჭირდებათ, შეუძლიათ ისარგებლონ NOMOS Georgia-ს ხელშეკრულების შედგენისა და იურიდიული რევიზიის მომსახურებით.

სამუშაო დრო, დასვენება და ზეგანაკვეთური სამუშაო

სამუშაო დრო (2003/88/EC) – კვირაში მაქსიმუმ 40 საათი (უწყვეტი წარმოების დარგებში – 48), ცვლებს შორის არანაკლებ 12-საათიანი, კვირაში ერთხელ – 24-საათიანი დასვენება. 2022 წლიდან დამსაქმებელი ყოველდღიურ ნამუშევარ დროს წერილობით ან ელექტრონულად აღრიცხავს (მუხ. 24) – ეს დავისას მთავარი მტკიცებულებაა. ზეგანაკვეთური სამუშაო შეთანხმებით სრულდება და გაზრდილი განაკვეთით ან დამატებითი დასვენებით ანაზღაურდება (მუხ. 27); ღამის სამუშაო (22:00-06:00) აკრძალულია არასრულწლოვნისა და ორსული, ახლახანს მშობიარე ან მეძუძუე ქალისთვის (მუხ. 28).

დისტანციური მუშაობა და დამსაქმებლის ვალდებულებები

დისტანციური მუშაობა –  კოდექსში ცალკე თავი არ არსებობს, ამიტომ სახლიდან მომუშავეზე ოფისის წესები ვრცელდება, მათ შორის ზეგანაკვეთურის ანაზღაურება. სამუშაო ადგილი არსებითი პირობაა (მუხ. 14 „დ“) და მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით იცვლება (მუხ. 20). „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით ადგილობრივ დამსაქმებელთან დისტანციურად მომუშავე უცხოელსაც შრომითი საქმიანობის უფლება სჭირდება (მუხ. 13¹), თუმცა ვიზა და ბინადრობის ნებართვა არა (მუხ. 13⁵). საქმე №ბს-824(კ-23) აჩვენებს, რომ ზეპირი შეთანხმება დავისას ძნელად დასამტკიცებელია – რეჟიმი წერილობით გააფორმეთ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების დამსაქმებლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისა და D1 ვიზის პროცედურებთან დაკავშირებით, მათ შორის შრომითი დოკუმენტაციის მომზადებისა და შრომითი მიგრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ყოველწლიური, დეკრეტული და მშობლის შვებულება

შვებულებები (2010/18/EU) – ყოველწლიური, არანაკლებ 24 ანაზღაურებადი სამუშაო დღე, უსასყიდლო – არანაკლებ 15 დღე (მუხ. 31). ორსულობისა და მშობიარობის შვებულება 126 დღეა (გართულებისას – 143), ბავშვის მოვლის – 604 დღე, რომლიდანაც 57 დღეს ბიუჯეტი ანაზღაურებს და რომელსაც ორივე მშობელი იყენებს; შვილად აყვანის – 550 დღე (90 ანაზღაურებადი), დამატებითი მშობლის – 12 კვირა ბავშვის 5 წლამდე (მუხ. 37–40). დაბრუნებულს იგივე ან ექვივალენტური სამუშაო უნარჩუნდება (მუხ. 20).

დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე

დისკრიმინაცია და შევიწროება (2000/78/EC, 2006/54/EC) – აკრძალვა (მუხ. 4–9) ვრცელდება ვაკანსიიდან გათავისუფლებამდე და მოიცავს თანაბარ ანაზღაურებასა და სექსუალურ შევიწროებას; მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზეა (მუხ. 7). საჩივრებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით სახალხო დამცველიც იხილავს, ხოლო უზენაესი სასამართლოს კვლევით დისკრიმინაციულ საქმეთა უდიდესი ნაწილი შრომით დავებზე მოდის. 14¹ მუხლთან შესაბამისობაზე შიდა პოლიტიკებიც უნდა გადაიხედოს.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და გათავისუფლების პროცედურები

ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ 47-ე მუხლის საფუძვლით ხდება. აკრძალულია გათავისუფლება დისკრიმინაციული მოტივით, ორსულობისა და სარეზერვო სამსახურის პერიოდში. დამსაქმებელი ან 30 დღით ადრე აფრთხილებს და 1 თვის კომპენსაციას იხდის, ან 3 დღით ადრე 2 თვისას (მუხ. 48), დასაბუთების მოთხოვნას კი 7 დღეში პასუხობს. უკანონო გათავისუფლებისას ეკისრება აღდგენა ან კომპენსაცია და იძულებითი გაცდენის ანაზღაურება. მასობრივი დათხოვნისას (98/59/EC) გაფრთხილება 45 დღით ადრე ხდება (მუხ. 49), საწარმოს გადაცემა კი შეწყვეტის საფუძველი არ არის (მუხ. 50).

შრომის ინსპექცია საქართველოში: დამსაქმებლის ვალდებულებები და სანქციები

„შრომის ინსპექციის შესახებ“ ორგანული კანონით ინსპექციის მანდატი ყველა შრომით ნორმაზე ვრცელდება, მათ შორის სამუშაო დროზე, დისკრიმინაციასა და შრომით მიგრაციაზე. ინსპექტორს სამუშაო ადგილზე შესვლა წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია (მუხ. 16), ხოლო სანქციებია გაფრთხილება, ჯარიმა და სამუშაო პროცესის შეჩერება; ვადაში გადაუხდელი ჯარიმა ორმაგდება (მუხ. 20). ჯარიმის ოდენობას დარგობრივი კანონი ადგენს, ამიტომ ერთი დარღვევა შესაძლოა რამდენიმე კანონის დარღვევად იქცეს.

ვიზიტისას პირველ რიგში მოწმდება: წერილობითი ხელშეკრულებები, შრომის შინაგანაწესი, სამუშაო დროის აღრიცხვა, რისკების შეფასება და, 2026 წლის 1 მარტიდან, უცხოელი დასაქმებულების შრომითი საქმიანობის უფლება.

როგორ განმარტავს უზენაესი სასამართლო შრომის კანონმდებლობას

სასამართლო თანმიმდევრულად უსვამს ხაზს, რომ გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა (ultima ratio) და პროპორციულობის ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • №ას-1431-2025 (28.01.2026) – ექიმმა გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის საკონტაქტო მონაცემები მესამე პირს გადასცა. რადგან ეს პირველი დარღვევა იყო და დამსაქმებელსაც ჰქონდა პროცედურული ხარვეზები, გათავისუფლება არაპროპორციულად ჩაითვალა და დასაქმებული აღდგა.
  • №ას-188-2025 (31.10.2025) – დასაქმებულმა საბონუსო სქემის ცვლილების გამო შვებულების შემდეგ სამსახურში არ დაბრუნდა. სამჯერადი გაფრთხილების შემდეგ გათავისუფლება კანონიერად ჩაითვალა. სასამართლოს შეფასებით, მთავარია „პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი“.
  • №ბს-824(კ-23) (19.10.2023) – საყვედური გაუქმდა, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითი ფაქტები სათანადოდ არ გამოიკვლია.
  • №ას-1197-2021 (21.04.2022) – დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა კონკურენციის აკრძალვის დარღვევა (მუხ. 60), ამიტომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

იგივე მიდგომას აღწერს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის კვლევა „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა“: რეორგანიზაცია რეალური უნდა იყოს, უხეში დარღვევა ბრძანებაში მითითებული საფუძვლით ფასდება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას მის რღვევასთან შედარებით პრიორიტეტი აქვს.

პრაქტიკული ნაბიჯები შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის

სასამართლოში და ინსპექციის შემოწმებისას იგებს ის, ვისაც წერილობითი ხელშეკრულება, დროის აღრიცხვა და დასაბუთებული გადაწყვეტილებები აქვს. ამიტომ გირჩევთ:

  • გადახედოთ შრომით ხელშეკრულებებს მე-14 მუხლის არსებითი პირობების და, ვადიანი ხელშეკრულებების შემთხვევაში, 30-თვიანი ზღვრის გათვალისწინებით.
  • დისტანციური და ჰიბრიდული რეჟიმი წერილობით გაფორმეთ და მიიღეთ პოლიტიკა: ხელმისაწვდომობის საათები, ტექნიკა და ხარჯები, ოფისში დაბრუნების წესი.
  • დანერგეთ სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა ყველა დასაქმებულისთვის, დისტანციურ გუნდებშიც.
  • შრომის შინაგანაწესში გათვალისწინეთ დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების საჩივრების განხილვის პროცედურა და შეამოწმეთ ანაზღაურების სქემები.
  • გათავისუფლებამდე დარწმუნდით, რომ საფუძველი 47-ე მუხლშია, დარღვევა დოკუმენტირებულია, განხილულია უფრო მსუბუქი ღონისძიება და დაცულია 48-ე მუხლის წესი.
  • უცხოელი დასაქმებულებისთვის, დისტანციურების ჩათვლით, შრომითი საქმიანობის უფლება 2027 წლის 1 იანვრამდე მოიპოვეთ, ხოლო უსაფრთხოების რისკების შეფასება დისტანციურ სამუშაო ადგილებზეც გაავრცელეთ.

საქართველოში შრომის კანონმდებლობის მუდმივი განვითარება ბიზნესისგან შრომით-სამართლებრივი მოთხოვნების პროაქტიულად შესრულებას მოითხოვს. სათანადოდ შედგენილი შრომითი ხელშეკრულებებიდან და სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვიდან დაწყებული, გათავისუფლების კანონიერ პროცედურებსა და შრომის ინსპექციის მოთხოვნებამდე, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ შიდა პრაქტიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. შრომითი პოლიტიკის რეგულარული გადახედვა და დროული იურიდიული კონსულტაცია ბიზნესს სამართლებრივი რისკების შემცირებაში, დავების თავიდან აცილებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისი შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებაში ეხმარება.

შრომის სამართლის იურიდიული კონსულტაცია ბიზნესისთვის

ბიზნესებს, რომლებსაც მუდმივი იურიდიული მხარდაჭერა სჭირდებათ შრომითი დოკუმენტაციის, შიდა პოლიტიკისა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხებში, NOMOS Georgia ასევე სთავაზობს იურიდიულ აუთსორსინგს კომპანიებისთვის, რაც პროფესიონალური იურიდიული მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა შტატში მუდმივი იურისტის აყვანის გარეშე.

იურიდიული კომპანია NOMOS Georgia-ს შრომითი და დასაქმების სამართლის გუნდი დამსაქმებლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას შრომითი ხელშეკრულებების, HR პოლიტიკის, შრომის კოდექსთან შესაბამისობის, თანამშრომელთა გათავისუფლებისა და შრომითი დავების საკითხებზე.

დაგვიკავშირდით, რათა შევაფასოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი კომპანიის შრომითი ხელშეკრულებები და შიდა პოლიტიკა უახლეს საკანონმდებლო მოთხოვნებს.

სათაურები

Picture of ლიკა ცინცაბაძე

ლიკა ცინცაბაძე

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, სამართლის მაგისტრი, იურიდიული კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.