კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში საკმაოდ მარტივი პროცესია, რასაც ვერ ვიტყვით მის მართვასა და შენარჩუნებაზე.
საქართველოში მეტწილად ვხვდების შპს – შეზღუდული პასუიხსმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის მსურველებს, ვინაიდან შპს დამწყები ბიზნესმსურველთათვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა იმიტომ, რომ ამ შპს-ში პირი არ აგებს პასუხს პირადად, არამედ, კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში.
შპს რეგისტრაცია – ეტაპები
საქართველოში შპს-ს რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც საჯარო რეესტრში, ისე იუსტიციის სახლში, მომხმარებლის სურვილისამებრ. რეგისტრაციის პროცესი გამოირჩევა სიმარტივითა და სისწრაფით -ჩვეულებრივ, იგი სრულდება საშუალოდ 1-2 სამუშაო დღის ვადაში, რაც საქართველოს ბიზნესის დაწყებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად აქცევს. მსოფლიო ბანკის „Doing Business“ რეიტინგის მიხედვითაც, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიმართულებით.
შპს-ს რეგისტრაციის ღირებულება დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე: ერთი სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის ღირებულებაა – 200 ლარი, ხოლო განცხადების შეტანის დღესვე რეგისტრაციის შემთხვევაში – 400 ლარი. აღნიშნულ თანხებს დამატებით ემატება სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურების საფასური – 7 ლარი. საჭიროების შემთხვევაში, თუ აუცილებელია დოკუმენტის თარგმნა ან ამონაწერის ინგლისურენოვანი ვერსიის მიღება, დამატებითი საფასური შეადგენს 26 ლარს. დაჩქარებული მომსახურების არჩევის შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს 1 სამუშაო დღეშიც, თუმცა ეს დაკავშირებულია გაზრდილ საფასურთან.
სააქციო საზოგადოება
საქართველოში სააქციო საზოგადოების (სს) რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და პროცესი შედარებით სწრაფია. სააქციო საზოგადოება არის იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი დაყოფილია აქციებად და აქციონერები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ შეტანილი ქონების ფარგლებში. რეგისტრაციისთვის საჭიროა დამფუძნებლების გადაწყვეტილება ან დამფუძნებელი ხელშეკრულება, წესდება, დირექტორის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია და იურიდიული მისამართი. თუ დამფუძნებელი უცხოელია, საჭიროა მისი დოკუმენტების ნოტარიული თარგმანი ქართულ ენაზე.
სს-ის რეგისტრაციისას აუცილებელია კომპანიის სახელის განსაზღვრა და შემოწმება, რომ იგივე ან საკმაოდ მსგავსი სახელწოდება უკვე რეგისტრირებული არ იყოს. კომპანიის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლში ან ელექტრონულად. სტანდარტული რეგისტრაცია ჩვეულებრივ სრულდება ერთ სამუშაო დღეში.რეგისტრაციის შემდეგ კომპანიას ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი და შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში, დაიწყოს საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.
სააქციო საზოგადოების მართვის სტრუქტურა, როგორც წესი, მოიცავს აქციონერთა საერთო კრებას, დირექტორს და საჭიროების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს. საქართველოს კანონმდებლობით სს-ს შეუძლია გამოუშვას აქციები და მოიზიდოს ინვესტიციები. გარკვეულ შემთხვევებში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულაციებს.
ინდივიდუალური მეწარმე
ინდივიდუალური მეწარმეობა საქართველოში არის ბიზნესის მარტივი ფორმა, როცა ფიზიკური პირი რეგისტრირდება როგორც მეწარმე და საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით. რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში და პროცესი მარტივია. ინდივიდუალურ მეწარმეს არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი, ამიტომ ბიზნესის ვალდებულებებზე პასუხისმგებელია საკუთარი ქონებით.
ეს ფორმა პოპულარულია მცირე ბიზნესისა და ფრილანსერებისთვის, რადგან ადმინისტრირება მარტივია და ხარჯებიც დაბალია.
გადასახადები საშემოსავლო სტანდარტზეა მორგებული, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში შესაძლებელია ბრუნვაზე 1%-იანი დაბეგვრა.
შეჯამება
საქართველოში მონაცემებიდან გამომდინარე შპს და სს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული კომპანიების ფორმებია მათი მოქნილობისა და პრაქტიკული უპირატესობების გამო. აღნიშნული სამართლებრივი ფორმების განმარტება მნიშვნელოვანია, რადგან ის ფიზიკურ პირებსა და დამწყებ მეწარმეებს დაეხმარება ბიზნესის შექმნისას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებაში.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის პარტნიორები კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთი წილის ფარგლებში. შპს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან მისი მართვა შედარებით მარტივია და რეგისტრაციის პროცედურაც ნაკლებად რთულია.
სააქციო საზოგადოება (სს) არის იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი დაყოფილია აქციებად. აქციონერები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ მათ საკუთრებაში არსებული აქციების ღირებულების ფარგლებში. სს უფრო ხშირად გამოიყენება მსხვილი ბიზნესისა და ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან კომპანიას შეუძლია აქციების გამოშვება და კაპიტალის ფართო მასშტაბით მოზიდვა. საჭიროების შემთხვევაში, Nomos Georgia მზად არის გაგიწიოთ ყველა საჭირო კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება თქვენი ბიზნესის რეგისტრაციისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით.


