ელექტრონული კომერცია ბიზნესს აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, გავიდეს ახალ ბაზრებზე, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და უზრუნველყოს გაყიდვების ავტომატიზაცია. თუმცა, ციფრულ სივრცეში საქმიანობა არ ნიშნავს სამართლებრივი ვალდებულებებისგან გათავისუფლებას. პირიქით – ონლაინ გაყიდვებისას ბიზნესი ექცევა მკაცრად რეგულირებად ჩარჩოში, სადაც მომხმარებელთან ურთიერთობის პირობებს ძირითადად თავად ვებგვერდის არქიტექტურა, ელექტრონული შეკვეთის ფორმები და სტანდარტული წესები განსაზღვრავს.
ონლაინ გაყიდვებისას ვებგვერდის მხოლოდ ტექნიკურად გამართული მუშაობა საკმარისი არ არის – ციფრული პლატფორმის ყოველი ეტაპი (პროდუქტის განთავსებიდან შეკვეთის დადასტურებამდე) სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
რა ინფორმაცია უნდა მიუთითოს ონლაინ მაღაზიამ ვებგვერდზე?
დისტანციური ხელშეკრულების დადებისას მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას, უშუალოდ შეამოწმოს საქონელი. ამიტომ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 და მე-10 მუხლები მოვაჭრეს აკისრებს ვალდებულებას, შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელს მიაწოდოს სრული, უტყუარი და გასაგები ინფორმაცია.
სავალდებულო წინასახელშეკრულებო ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- მოვაჭრის იდენტიფიცირება: საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
- საქონლის ან მომსახურების არსებითი მახასიათებლები: პროდუქტის ზუსტი აღწერა, ტექნიკური მონაცემები და გამოყენების პირობები.
- საბოლოო ფასი და დამატებითი ხარჯები: საქონლის ან მომსახურების სრული ფასი გადასახადების (მათ შორის დღგ-ის) ჩათვლით, ასევე მიწოდების, ტრანსპორტირების ან საფოსტო ხარჯები. თუ ამ ხარჯების წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ დამატებითი ხარჯები გადასახდელი იქნება.
- გადახდისა და მიწოდების პირობები: ანგარიშსწორების ფორმები, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მაქსიმალური ვადა.
- გარანტია და საჩივრების განხილვა: კანონისმიერი (2-წლიანი) ან კომერციული გარანტიის პირობები და მომხმარებლის საჩივრების განხილვის შიდა პროცედურა.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის წესები: 14-დღიანი უარის თქმის უფლების გამოყენების პირობები, ვადები, პროცედურა და უარის თქმის სტანდარტული ფორმა (ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტზე არ ვრცელდება დაბრუნების უფლება კანონისმიერი გამონაკლისის გამო).
- სახელმწიფო ენის მოთხოვნა: საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება უპირობოდ უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.
ონლაინ მაღაზიის სამართლებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებები და ვებგვერდზე განთავსებული პირობები ბიზნესის სპეციფიკას შეესაბამებოდეს. ხელშეკრულების შედგენა და იურიდიული რევიზია ეხმარება კომპანიებს სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებასა და გადახედვაში.
ონლაინ შეკვეთის გაფორმება და გადახდის ვალდებულება
ელექტრონული შეკვეთის განთავსების პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მომხმარებელმა ნათლად გააცნობიეროს შეკვეთის სამართლებრივი და ფინანსური შედეგი.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, თუ დისტანციური ხელშეკრულება იდება ელექტრონული საშუალებით და შეკვეთა ითვალისწინებს გადახდის ვალდებულებას, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლისთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგები იყოს, რომ შეკვეთის დადასტურება იწვევს გადახდის ვალდებულებას.
სამართლებრივი მოთხოვნები შეკვეთის ღილაკსა და ვებგვერდის დიზაინზე:
- შეკვეთის ღილაკის დასახელება: ღილაკს, რომლითაც სრულდება შეკვეთა, უნდა ეწეროს მკაფიო ფრაზა, მაგალითად: „შეკვეთა გადახდის ვალდებულებით“, „ყიდვა“, „გადახდის დადასტურება“. თუ ღილაკზე მითითებულია ბუნდოვანი ტერმინები (მაგალითად: „გაგრძელება“, „რეგისტრაცია“, „შემდეგი“), მომხმარებელი არ არის შებოჭილი ხელშეკრულებით!
- შეკვეთის შეჯამება: უშუალოდ შეკვეთის ღილაკზე დაჭერამდე მომხმარებელს თვალსაჩინოდ უნდა გამოუჩნდეს შეკვეთის საბოლოო ჯამური ღირებულება და პროდუქციის ჩამონათვალი.
- შეკვეთის მიღების დადასტურება: მოვაჭრე ვალდებულია ელექტრონული საშუალებით (მაგალითად, ავტომატური ელექტრონული შეტყობინებით) დაუყოვნებლივ დაუდასტუროს მომხმარებელს შეკვეთის მიღება.
ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება: 14-დღიანი ვადა და გამონაკლისები
დისტანციური ვაჭრობისას კანონმდებელი მომხმარებელს ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის (პროდუქტის დაბრუნების) უფლებას. კანონით დადგენილი ზოგადი წესით, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითებისა და ჯარიმის გადახდის გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- საქონლის შემთხვევაში: 14-დღიანი ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირი ფიზიკურად ჩაიბარებს საქონელს.
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში: 14-დღიანი ვადა იწყება ხელშეკრულების დადების დღიდან.
- უარის თქმის უფლების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა: თუ მოვაჭრე ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, უარის თქმის ვადა დამატებით 12 თვით გაგრძელდება.
როდის არ მოქმედებს ონლაინ შეძენილი საქონლის დაბრუნების უფლება?
კანონმდებლობა, ასევე, ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე დაბრუნების უფლება არ მოქმედებს. ონლაინ მაღაზიამ ეს გამონაკლისები მკაფიოდ უნდა გაწეროს თავის წესებსა და პირობებში:
- მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან პერსონალიზებული საქონელი (მაგალითად, წარწერით ან განსაკუთრებული ზომებით დამზადებული ნივთები).
- მალფუჭებადი პროდუქცია ან საქონელი, რომელსაც სწრაფად გასდის ვარგისიანობის ვადა (მაგალითად, საკვები, ყვავილები).
- ჰერმეტულად დალუქული საქონელი, რომელიც გახსნილ იქნა მიწოდების შემდეგ და რომლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის დაცვის ან ჰიგიენური მიზეზების გამო (მაგალითად, თეთრეული, კოსმეტიკა, სამედიცინო ნივთები).
- ციფრული შინაარსის მიწოდება (პირდაპირი ჩამოტვირთვა ან ნაკადური მაუწყებლობა), თუ ხელშეკრულების შესრულება დაიწყო მომხმარებლის წინასწარი თანხმობითა და იმის აღიარებით, რომ იგი კარგავს უარის თქმის უფლებას.
- ლუქდადებული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ლუქიც გახსნილ იქნა მიწოდების შემდეგ.
- ჟურნალ-გაზეთები და პერიოდული გამოცემები (გარდა გამოწერით ნასყიდობისა).
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად (მათ შორის პირველადი მიწოდების სტანდარტული ხარჯი) შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, იმავე საგადახდო საშუალებით, რაც მომხმარებელმა გამოიყენა. ამასთან, საქონლის ნაკლის აღმოჩენისას მოქმედებს 2-წლიანი კანონისმიერი გარანტია.
ონლაინ მაღაზიის წესები და პირობები და პლატფორმის პასუხისმგებლობა
ბევრი კომპანია მომხმარებელთან ურთიერთობას ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობებით არეგულირებს. თუმცა, მხოლოდ შაბლონური ტექსტის განთავსება არ ნიშნავს სამართლებრივ უსაფრთხოებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის თანახმად, სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და უსამართლოდ ზღუდავს მომხმარებლის კანონისმიერ უფლებებს, ბათილია. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიზნესმოდელის სწორი კვალიფიკაცია:
პირდაპირი მოვაჭრე: თუ კომპანია თავად ყიდის საკუთარ საქონელს, იგი ატარებს სრულ პასუხისმგებლობას პროდუქციის ხარისხზე, მიწოდებასა და საგარანტიო ვალდებულებებზე.
შუამავალი პლატფორმა: „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შუამავალი მომსახურების მიმწოდებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან მესამე პირების მიერ განთავსებულ უკანონო ინფორმაციაზე ან პროდუქციაზე, თუ მას არ ჰქონდა ფაქტობრივი ცოდნა უკანონო საქმიანობის შესახებ და შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად იმოქმედა კონტენტის წასაშლელად.
შეჯამება: როგორ უზრუნველვყოთ ონლაინ ბიზნესის სამართლებრივი შესაბამისობა?
ონლაინ ბიზნესის სამართლებრივი შესაბამისობა მოითხოვს როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესების გათვალისწინებას, ისე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებას. იურიდიული კომპანია ნომოს ჯორჯიას კორპორაციული და სამეწარმეო სამართლის მომსახურება ეხმარება ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. იურიდიული კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.


