ნომინალური დირექტორის როლი საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნესში

ნომინირებული დირექტორი შეიძლება იყოს პირი ან კორპორატიული ორგანო, რომელიც ოფიციალურად არის დანიშნული კომპანიის დირექტორად სხვა პირის ან ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად. რეალურად, ნომინირებული დირექტორი გამოჩნდება მხოლოდ ოფიციალურ ჩანაწერებში, კომპანიის მართვის სადავეები კი ნამდვილი მფლობელის ხელში რჩება. 

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ ნომინალური დირექტორი რეგისტრირებულია კომპანიის დირექტორად საჯარო რეესტრში, თუმცა არ ხელმძღვანელობს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას და არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. 

დირექტორები შესაძლოა აქტიურ როლს ასრულებდნენ კლიენტის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაში, რაც დამოკიდებულია კლიენტის ორგანიზაციულ მოწყობასა და ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე. დირექტორის იდენტიფიკაციით ანგარიშვალდებულმა პირმა შესაძლოა მიიღოს ხელჩასაჭიდი/სასარგებლო ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის დასადგენად, თუმცა ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი ნომინალური დირექტორის შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური ინტერესის მქონე პირის ანონიმურობის შესაძლებლობა. 

ნომინალური დირექტორად დანიშვნის მიზანი

ნომინალური დირექტორის დანიშვნის მიზანი არის კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დაცვა. ასეთი პირის როლი შემოიფარგლება “მხოლოდ სახელით”, მისი მონაცემები რეესტრის ჩანაწერებში ფიქსირდება რეალური დირექტორის ნაცვლად, რათა ნამდვილი დირექტორის ინფორმაცია კონფიდენციალური იყოს. ნომინირებულებს არ გააჩნიათ ყოველდღიური მართვის ან აღმასრულებელი ფუნქციები, თუმცა ხშირად უწევთ ხელი მოაწერონ შიდა დოკუმენტებს ბენეფიციარი მესაკუთრის ან მდივნის სახელით.

პრაქტიკული მიმოხილვა 

როდესაც საქმე ეხება ნომინალურ დირექტორს, მთავარი რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ რეალური კონტროლი ბიზნესზე რჩება თქვენს ხელში. თქვენ რჩებით რეალური ბენეფიციარული მესაკუთრე, მართავთ კომპანიას და იღებთ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ნომინალური დირექტორი ფიქსირდება საჯარო რეესტრში დირექტორის ან აქციონერის სტატუსით, თუმცა იგი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ბენეფიციარი მესაკუთრის მითითების საფუძველზე.

ნომინალური დირექტორის საქმიანობა სრულად რეგულირდება ხელშეკრულებით ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული მისი უფლებები, ვალდებულებები და ლიმიტები, რათა დაცული იყოს, როგორც თქვენი ინტერესები, ასევე კანონმდებლობის მოთხოვნები.

ნომინალური დირექტორის მოვალეობები

ნომინალური დირექტორი არ არის კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე და არ აქვს უფლებამლოსილება კომპანიის მართვისა. იგი ვალდებულია შეასრულოს ბენეფიციარი მესაკუთრის მითითებები. მას არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართოს ბიზნესი, თუ ამისთვის არ აქვს ბენეფიციარი მესაკუთრის წერილობითი ნებართვა (მაგ.:მინდობილობა). სამართლებრივი კუთხით, ნომინალური დირექტორი მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც ხელშეკრუელბით არის განსაზღვრული.

ნომინალურ დირექტორს შესაძლოა დაევალოს:

  • ოფიციალური წერილების მიღება და გადაგზავნა;
  • დოკუმენტებზე ხელმოწერა;
  • მინდობილობით საფუძველზე მოქმედება;
  • საგადასახადო ფორმებზე ხელმოწერა;
  • ბანკში წარმომადგენლობა;
  • და სხვ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკის ანგარიშზე წვდომა ნომინალურ დირექტორს გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ იგი ბანკისგან მიიღებს ავტორიზაციას. 

ნომინალური დირექტორის როლი საერთაშორისო ბიზნესში

ნომინალური დირექტორის ინსტიტუტი განსაკუთრებით გავრცელებულია საერთაშორისო ბიზნესში და ოფშორულ კომპანიებში, სადაც კომპანიების მფლობელები ხშირად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ასეთ შემთხვევაში ნომინალური დირექტორის დანიშვნა კომპანიას  საშუალებას აძლევს შეასრულოს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები, (მაგალითად, ადგილობრივი წარმომადგენლის ან დირექტორის არსებობის მოთხოვნა).

კორპორაციული სტრუქტურის მოქნილობა

ნომინალური დირექტორის არსებობა კომპანიას აძლევს საშუალებას შექმნას უფრო მოქნილი კორპორაციული სტრუქტურა. მაგალითად, კომპანიას შეუძლია ერთ ქვეყანაში დარეგისტრირდეს, ხოლო მისი რეალური მფლობელი და მენეჯმენტი სხვა ქვეყანაში იმყოფებოდეს. ასეთ შემთხვევებში ნომინალური დირექტორი უზრუნველყოფს კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობას იმ იურისდიქციაში, სადაც კომპანია არის რეგისტრირებული.

სამართლებრივი პასუხისმგებლობა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური დირექტორი ხშირად მოქმედებს მხოლოდ ფორმალურად, კანონის თვალსაზრისით იგი მაინც დირექტორად ითვლება. შესაბამისად, მასზე შესაძლოა გავრცელდეს დირექტორისთვის კანონით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. 

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნომინალური დირექტორმა იცოდა კომპანიის მიერ განხორციელებული კანონდარღვევის შესახებ ან თავადაც მონაწილეობდა ასეთ ქმედებაში, შესაძლებელია მას დაეკისროს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რისკები და რეგულაცია

თანამედროვე კორპორაციულ სამართალში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბენეფიციარი მესაკუთრის გამჭვირვალობას (beneficial ownership transparency). სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ფინანსური მონიტორინგის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა ავალდებულებს კომპანიებს გაამჟღავნონ ბენეფიციარი მესაკუთრის მონაცემები შესაბამის ორგანოებთან, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში ნომინალური დირექტორია მითითებული.

დასკვნა

ნომინალური დირექტორის ინსტიტუტი თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკაში წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს დაიცვან კონფიდენციალურობა და უფრო მოქნილად მართონ კორპორაციული სტრუქტურა, განსაკუთრებით საერთაშორისო საქმიანობის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ნომინალური დირექტორი ფორმალურად ფიქსირდება კომპანიის დირექტორად, თუმცა კომპანიის რეალური მართვა და გადაწყვეტილებების მიღება კვლავ ბენეფიციარი მესაკუთრის ხელში რჩება.

სახელშეკრულებო მოთხოვნების დაცვა და მასში ნომინალური დირექტორის უფლებებისა და მოვალეობების მკაფიო გაწერა, ასევე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინება, უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარი მესაკუთრის ინტერესების დაცვას, ისე სამართლებრივი რისკების შემცირებას.

შედეგად, ნომინალური დირექტორის ინსტიტუტი შეიძლება იყოს ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტი ბიზნესის ორგანიზებისა და მართვის პროცესში, თუ იგი გამოიყენება სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში და ბიზნესის გამჭვირვალობის მოთხოვნათა დაცვით.

სათაურები

კონსულტაციის ჩანიშვნა

ფორმის გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს.